მონიტორინგის სამი თვე ანუ ტერორიზმი რუსულად

ავტორი: მარი გელაშვილი

ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ "მითების დეტექტორის ლაბორატორიის'' საკვირაო სკოლიდან მოულოდნელად მედია მონიტორინგის სამყაროში აღმოვჩნდებოდი. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მიღებული შემოთავაზება, ჩავრთულიყავი რუსული ტელევიზიების მედია მონიტორინგის პროექტში, მოულოდნელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, თამამად შევედი ჩემთვის უცხო სივრცეში. ალბათ, გული მიგრძნობდა, რომ წინ დიდი თავგადასავალი მელოდებოდა.

მახსენდება მონიტორინგის პირველი დღეები, როდესაც გაოცებული ვუყურებდი რუსეთის პირველი არხისა და ენ-ტე-ვე-ს საინფორმაციო გამოშვებებს. რასაც ვისმენდი, ზოგჯერ არც ვიჯერებდი. საკუთარ თავს ხშირად ვეუბნები, იქნებ გეჩვენება, რუსული ენა ხომ შენთვის მშობლიური ენა არ არის, სინამდვილეში ჟურნალისტები იქნებ სხვა ფრაზებს ამბობენ-თქო? არა, თურმე რუსული ენის ცოდნა-არცოდნას ტყუილად ვაბრალებ.

ესეც, ჩემი შთაბეჭდილებების ნაკრებიდან პირველი ვიდეო ნაწყვეტი, სადაც ენ-ტე-ვე-ს ჟურნალისტმა ლიზა გერსონმა ბრიტანელი სალი ჯონსი "გველს" შეადარა. თანამშრომელს დაბნეული ვეკითხები - ნუთუ ჟურნალისტმა ასე უნდა მოიხსენიოს ადამიანი, ვის შესახებაც სიუჟეტს ამზადებს? სიუჟეტი მაშინვე სიძულვილის ენის კატეგორიაში შემყავს.

"ისეთი ექსტრემისტები, როგორიც სალია, მოედებიან მთელ მსოფლიოს და გააგრძელებენ ომს სხვა წერტილებიდან. ეს იმის მსგავსია, გველების ბუდე გაანადგურო, გველი კი [ცოცხალი] დატოვო, ისინი გავრცელდებიან. ცალსახა არის, რომ ბუდის განადგურება საჭიროა, 'რაკის' განადგურება, ტერორისტების და მათი დამფინანსებლების გეგმის ჩაშლა.''
სალი ჯონსის ამბით ვინტერესდები და მასზე მასალას ინტერნეტში ვეძებ. "გარდიანის" მიხედვით, ჯონსი ბრიტანელია, ''ისლამური სახელმწიფოს'' წევრი მისი ქმარი იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ სალიმ თავის არასრულწლოვან ვაჟთან ერთად, ბრიტანეთში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. სწორედ, ამ ფაქტთან დაკავშირებით ამზადებდა რუსი ჟურნალისტი სიუჟეტს, როდესაც "გველების ბუდეზე" საუბრობდა.

სალი ჯონსის მსგავს კიდევ ბევრ მაგალითს ვაწყდები. რუსი ჟურნალისტები ჩემს მედია მონიტორობამდე, დიდი ხნით ადრე ჩაებნენ საინფორმაციო ომში და ცდას არ აკლებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ გამოთქმულ შენიშვნებსა და ბრალდებებს თავად უპასუხონ ეთერიდან. "ჩვენ'' - ეს რუსი ჟურნალისტების საყვარელი ნაცვალსახელია.



"ჩვენ'' - ჟურნალისტი, როგორც მხარე
"როგორც სპეციალისტები თვლიან, ჩვენი დანახარჯები სირიაში ბევრად, უფრო მეტიც, 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ამერიკელების. ჩვენ და ამერიკელები დავპირდით ერთმანეთს, რომ კონცენტრირებულად გავანადგურებთ ISIS-ის ნარჩენებს. აშშ-მა ჩვენი გაფრთხილების ინტერპრეტაცია იმგვარად მოახდინა, რომ [თითქოს] მათ ვეტმფრენებს შეიძლება ასე უბრალოდ დაარტყან.''

რუსულ მედიაში, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტისა და ტერორიზმის საკითხების გაშუქება, ერთ მიზანს ემსახურება - რუსეთი პროცესებში ყველაზე სამართლიან მოთამაშედ წარმოჩინდეს, დასავლეთი კი ტერორისტების მხარდამჭერად. რუსი ჟურნალისტები ტელე ეკრანიდან სუბიექტურ, ანტიდასავლურ შეფასებებსაც არ ერიდებიან.






"ამავე დროს, არანაკლებ 600 ადამიანი გახდა ამერიკელების თაოსნობით კოალიციის დარტყმების მსხვერპლი. ვაშინგტონი მოქმედებს დამახასიათებელი სქემის მიხედვით, პროვოკაციები, დაუდასტურებელი ბრალდებები, მუქარები, აგრესია. არ არის გასაკვირი, რომ ტრამპის დღევანდელი მშვიდობისმოყვარე დაპირების ცოტას თუ სჯერა.''

მალე მივხვდი, რომ მსოფლიო მედიით გაშუქებული ნებისმიერი თემა, რუსულ საინფორმაციო სივრცეში, შესაძლოა პუტინის პოლიტიკის პროპაგანდის ნაწილად ჩემს თვალწინ ქცეულიყო. ტერორიზმის საკითხს, რომელიც დღეს განსაკუთრებით აწუხებს დასავლურ სამყაროს, რუსული მედიასაშუალებები იმგვარად წარმოადგენენ, რომ ანტიდასავლური განწყობები გააღვივონ და კრემლის პოლიტიკა სირიაში წარმატებულად წარმოაჩინონ.
„ერთი კვირის წინ ამერიკელებმა სირიულ თვითმფრინავს დაარტყეს, ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ, მაგრამ ეს ყველაფერი საცოდავი ქვითინია. რუსეთს სირიაში სტრატეგიული წარმატება აქვს და ეს ფაქტია, მიზნები, რომელიც დასახული იყო სირიის ოპერაციის დაწყებისას, პრაქტიკულად მიღწეულია. სხვათა შორის, ამ კვირაში გაირკვა, მაშინ, აპრილის დასაწყისში, ამერიკის პრეზიდენტმა წინასწარ იცოდა იმის შესახებ, რომ ამ დარტყმის საბაბი - სირიის ავიაციის ქიმიური თავდასხმა ქალაქ ხან-შეიხუნზე - თავიდან ბოლომდე გამონაგონი იყო."

მონიტორინგის პროცესში, სიუჟეტების დასათაურებაზე დაკვირვება ჩემთვის კიდევ ერთი აღმოჩენა იყო. რუსული მედიის მიხედვით, რუსეთი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ყველაზე სამართლიანი პოლიტიკური სუბიექტია.
ტერორიზმს შეწირული ტელეგრამი

მონიტორინგისას ისიც გავიგე, რომ რუსეთში შესაძლოა სოციალური აპლიკაცია ტელეგრამი აიკრძალოს. რუსული საინფორმაციო საშუალებები გამუდმებით საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთში გავრცელებული ტელეგრამი ტერორისტების მიერ გამოიყენება და თუკი აპლიკაციის მესაკუთრე, პაველ დუროვი, სახელმწიფოს არ მისცემს მონაცემებზე წვდომის საშუალებას, ტელეგრამი აიკრძალება. თავად დუროვი არ მიიჩნევს, რომ ტელეგრამის აკრძალვით რომელიმე სახელმწიფო ტერორიზმზე გამარჯვებას შეძლებს.
პაველ დუროვი, ტელეგრამის დამაარსებელი: "მაგრამ, საბოლოო ჯამში, ISIS-ი ყოველთვის იპოვის გზას ერთმანეთის შიგნით საკომუნიკაციოდ. და თუ კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება უსაფრთხო არ აღმოჩნდება მათთვის, ისინი უბრალოდ სხვა მათგანზე გადაერთვებიან.''

ტელეგრამის აკრძალვა იურისტ ლევან მესხორაძისთვის პირველი შემთხვევა არ აღმოჩნდა, როდესაც რუსეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე მოქალაქეების უფლების შეზღუდვას ცდილობს.
ინტერვიუ: ლევან მესხორაძე, იურისტი
ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) კავკასიის რეგიონალური რედაქტორის, დეივ ბლოსის თქმით, რუსეთში არსებობენ ჟურნალისტები, რომლებსაც სურთ ობიექტურ მედიასაშუალებებში მუშაობა, თუმცა იქ ასეთი ორგანიზაციები თითქმის არ არსებობს.
ინტერვიუ: დეივ ბლოსი, OCCRP-ის კავკასიის რეგიონალური რედაქტორი
"თუ მედია საშუალებებს არ აქვთ თავისუფლების შანსი, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკის, პროპაგანდის, ფულის გამო. სხვა ქვეყნებში ბევრგან შეიძლება ემუშავათ, მაგრამ რასაც ისინი აკეთებენ ისაა, რომ [სახელმწიფოს წარმომადგენლები] საგადასახადო ქეისებს ინახავენ მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ. ეს ძალიან ეფექტურია. შენ არ ეუბნები, რომ შენი პროპაგანდა არასწორია, შენი ფაქტები არასწორია, შენი ჟურნალისტიკა არასწორია, უბრალოდ მოდი ვისაუბროთ შენს გადასახადებზე და ეს ხურავს მედია ორგანიზაციებს. ასე რომ, შენ არ გაქვს ადგილი, აკეთო საქმე."
ტერორიზმი რუსულად - ასე დამამახსოვრდება მონიტორინგში მუშაობის სამი თვე. ვფიქრობ, რომ ეს იყო გამოცდილება, რომელმაც დამანახა, რომ პროპაგანდა არის ყველგან. რუსული პროპაგანდა არ არის სადღაც შორს. თქვენ რომ რუსული მედიასაშუალებების მონიტორი იყოთ, აუცილებლად აღმოაჩენდით მას - პოლიტიკოსთა გამონათქვამებში, სატელევიზიო სიუჟეტებში, სოციალურ ქსელებში და ყველგან, სადაც ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს და ადამიანთა ცნობიერებაზე გავლენა მოახდინოს.

Made on
Tilda